ბლოგი

პოსტ-პანდემიური ცხოვრება და მულტიფუნქციური ავეჯი

უნივერსალური, მულტიფუნქციური ავეჯი, პოსტ-პანდემიური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ტრენდია. პანდემიამ გვიჩვენა თუ როგორ წაიშალა ზღვარი საცხოვრებელ და სამუშაო სივრცეს შორის. შესაბამისად წამყვანმა ბრენდებმა და დიზაინერებმა ფოკუსირება მოახდინეს კონვერსირებადი ავეჯის წარმოებაზე.

ტრანსფორმერ ავეჯზე გაორმაგებული მოთხოვნა, უსაფრთხოების გაზრდილი ნორმები და სოციალური დისტანცირების წესები, ბრენდებისთვის იყო ნიშანი შეექმნათ ისეთი ინოვაციური პროდუქტები, როგორიცაა ოთახის გამყოფი ხმის ჩამხშობი პანელი, სანათი სანიტაიზერი ან დასაკეცი ჟურნალის მაგიდა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში კედელზე დაკიდებ.

მაშ ასე, ვიწყებთ მოგზაურობას ინოვაციური ავეჯის სამყაროში.

პანდემიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა და პრობლემა საკუთარ საცხოვრებელში პირადი და სამუშაო სივრცის გამიჯვნა გახდა. დივანის მოდელი L20 პირდაპირი პასუხია კითხვაზე თუ როგორი შეიძლება იყოს პოსტ-პანდემიური ავეჯი. საჭიროების შემთხვევაში, ეს დივანი ძალიან მარტივად იცვლის ფორმას და გადაკეთდება კარგად აღჭურვილ სამუშაო ადგილად, ხოლო საღამოს – კომფორტულ საწოლად.

Node + სახლისა თუ საჯარო ინტერიერის მოწყობის მიკრო-არქიტექტურული გადაწყვეტილებაა, რომელიც დახვეწილი დიზაინერული ლაიტმოტივით აერთიანებს სამუშაო, რეკრეაციულ და სარელაქსაციო სივრცეებს. სამუშაო ადგილის სიმყუდროვეს გამყოფი ხმის ჩამხშობი პანელი უზრუნველყოფს. სახელურები, საზურგეები და დასაჯდომი ბალიშები კი გათვლილია მაქსიმალურ კომფორტზე. მაგიდა სამუშაო მერხის ფუნქციას ითავსებს, ხოლო ყავის მაგიდები – ლეპტოპის დასადებისას.

Tonale 281 Power გახლავთ ტრანსფორმირებადი ავეჯის კიდევ ერთი ახალი მოდელი, რომელსაც გააჩნია დღის და ღამის რეჟიმი. დღისით ის კომფორტული დივანია, ხოლო ღილაკზე თითის ერთი დაჭერით გარდაიქმნება ე.წ. ღამის სეტად, რომელიც აერთიანებს მოცულობით საწოლს, კომფორტულ სავარძელსა და ტევად თაროს.

Snowpouf უბრალო ავეჯი არ გეგონოთ. მას ხმისჩამხშობი ფუნქცია აქვს და თან ძალიან მსუბუქია. მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად პოპ-არტის სტილში შესრულებულ ჩინურ ბარაბანს წააგავს, ხმის გამოცემის ნაცვლად, იგი პირიქით, ხმაურს ახშობს. ამას კი სპეციალური Caimi-ს მიერ დაპატენტებული მასალის წყალობით ახერხებს.

ყავის მაგიდა Florian 2021-ის ავეჯის დიზაინის ერთგვარი სიმბოლოა. ეს არის ვიკო მაგისტრეტის მიერ 1989 წელს შექმნილი მოდელის განახლებული ვერსია. მულტიფუნქციური, მრავალ დონიანი ყავის მაგიდა, რომელიც დაკეცვის შემდეგ გადაიქცევა კედელზე დასაკიდ გრაფიკულ ობიექტად.

Houdini რობერტო ლაზერონის დიზაინით შექმნილი შესანიშნავი მოდელია. მაინც რა არის იგი? არც ბოლომდე სერვანტი გახლავთ, არც ბარი ან თარო და არც კომოდი, მიუხედავად ამისა, იგი ყველა მათგანია, ოღონდ ყველაფერი ერთად. რაც მთავარია, თქვენ ვერ იპოვით ვერც ერთ დეტალს, რომელიც მის ჰარმონიულობას არღვევს.

Aaron არის ძმების, პიო და ტიტო ტოსოს დიზაინით დამზადებული კომფორტული ბარის სკამი, ინტეგრირებული მაგიდით. ავეჯი, რომელიც გამოიყენება სახლშიც და ეზოშიც. მინიმალიზმამდე დაყვანილი ფორმები და დეტალებს შორის მანძილები ზედმიწევნითაა გათვლილი, რომ მომხმარებელი მარტივად მიწვდეს სასურველ ნივთს და არც მოძრაობა შეეზღუდოს.

Ypsilon Connect არის ბიზნეს სექტორისთვის შეთავაზებული ელეგანტური და ფუნქციონალური სივრცის გამყოფი პანელი, რომელსაც ხმის ჩამხშობი დანიშნულებაც გააჩნია. მისი მეშვეობით შეგიძლიათ მოაწყოთ კედელი, რომელიც დაყოფს ოფისს სხვადასხვა ზონებად. ეს ძალიან მრავალმხრივი ავეჯია, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად ტრანსფორმირდება მარკერით საწერ დაფად, ტანსაცმლის საკიდად, თაროდ ან ტელევიზორის კედლად.

მერხი Marcell ერთი შეხედვით კლასიკური ავეჯია, შუშისა და ხის ზუსტი კომბინაცია. მოდელი დამზადებულია, როგორც მერხი, თუმცა მისი ორიგინალურობა იმაში გამოიხატება, რომ შეუძლია გადაიქცეს კონსოლად ან დრესუარად.

ელექტრო რადიატორი Rift / Reverse , Rift მოდელის 2021 წლის ევოლუციაა. ეს არის ელეგანტური რადიატორი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც თარო.

Integralis ინოვაციური ნათებაა, რომელიც ამავდროულად სანიტაიზერის ფუნქციას ასრულებს. UV სხივების საშუალებით ის ზემოქმედებს პათოგენურ მიკროორგანიზმებზე, ხელს უშლის ბაქტერიების, სოკოსა და ობის გამრავლებას. ფოტოზე ნაჩვენებია Integralis და სანათი Discovery.

დამცავი ფარების გამოყენება და პანდემიური დიხოტომია გახდა COV კოლექციის ინსპირაციის წყარო. ეს არის ოფისებისთვის, რესტორნებისა და ბარებისთვის შექმნილი ძალიან ორიგინალური სივრცის გამყოფი პანელი.

2021 წლის ინოვაციური ავეჯის მოდელების მიმოხილვას ვასრულებთ წამყვანი ბრენდების მიერ ოფისებისა და სახლებისთვის შექმნილი ფუნქციური პანელების ფოტოკოლაჟით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *