ბლოგი

ავეჯის გამოფენა Salone del Mobile Milano 2021

2021 წლის 5 სექტემბერს, 18 თვიანი პაუზის შემდეგ, Salone Del Mobile Milano, მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ავეჯის გამოფენა, კვლავ გაიხსნა. რა თქმა უნდა ავეჯის სახლი „ვერონა“-ს გუნდი იმყოფებოდა მილანში და დაესწრო ამ ძალიან საინტერესო ღონისძიებას. გვქონდა შეხვედრები არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან, განვიხილეთ და დავსახეთ სამომავლო მიზნები და გეგმები.

სტატიაში ვრცლად მიმოვიხილავთ Supersalone21-ს, გაგიზიარებთ ჩვენს შთაბეჭდილებებს, მოგიყვებით სიახლეებისა და ინდუსტრიული მოდის ტენდენციების შესახებ.

#Supesalone21 დიზაინის ბიბლიოთეკა

გამოფენაში, რომელიც იტალიის პრეზიდენტის სერჯო მატარელას სიტყვებით გაიხსნა, მონაწილეობდა ავეჯისა და დეკორაციების მწარმოებელი 425 ბრენდი, დიზაინ სკოლების 200 სტუდენტი და 39 დამოუკიდებელი დიზაინერ-არქიტექტორი. გამოფენას დაესწრო 60 000-ზე მეტი ვიზიტორი და 1800 აკრედიტირებული ჟურნალისტი.

გამოფენაზე აღმოჩენისთანავე თვალში მოგვხვდა ცნობილი იტალიელი არქიტექტორის, ანდრეა კაპუტოს ინოვაციური იდეით, კედლებზე მოწყობილი თემატური და სცენოგრაფიული სივრცეები, სადაც ბრენდებს საშუალება მიეცათ წარმოედგინათ ამ 18 თვის განმავლობაში შექმნილი პროდუქტები და სიახლეები. გამოფენის კურატორის, სტეფანო ბოერის თქმით, წლევანდელი Salone Del Mobile Milano, დიზაინის დიდ ბიბლიოთეკას ჰგავს. ბრენდებს მოუწიათ სტენდის ტრადიციული მეთოდით მოწყობაზე უარის თქმა და პროდუქციის ან ვერტიკალურ სივრცეში გადატანა ან პრეზენტაციის სრულიად ორიგინალური კონცეფციის მოფიქრება.

ჩვენი პირველი გაჩერება იქნება რონ გილადის იმერსიული ინსტალაცია. იტალიური ბრენდი Molteni-ს სტენდის სივრცე გადაკეთებულია თვითმფრინავის ინტერიერად, ხოლო სავარძლებად გამოყენებულია ჯიო პონტის მიერ 1954 წელს შექმნილი იკონური Round D.154.5.-ის განახლებული მოდელი, რომელიც Molteni-სა და ჯიო პონტის არქივის კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა.

შემდეგი სტენდი, რომელზეც ყურადღებას გავამახვილებთ ეკუთვნის იტალიურ ბრენდს  Porro. ძალიან ცნობილი დიზაინერისა და არქიტექტორის პიერო ლისონის დიზაინით შექმნილი მოდელი Storage, რომელიც აერთიანებს ღია და დახურულ გარდერობებსა და დრესინგ რუმს. ეს არის 2021 წლის გარდერობის მოდელი – წარმოიდგინეთ, რომ სახლში გაქვთ გამჭვირვალე ვიტრინებით შემოსაზღვრული, უსადენო, კონსტრუქციაში ჩამონტაჟებული სანათებით გაკაშკაშებული ტანსაცმლის მაღაზია.

იტალიურმა ბრენდმა Magis, სტენდის მოწყობის დროს აქცენტი გააკეთა მოდელზე Costume. ეს არის სტეფან დიაზის დიზაინით შექმნილი მოდულარული სისტემის დივანი. პრეზენტაციით ბრენდმა გვიჩვენა, როგორი შეიძლება იყოს ინოვაციური დიზაინის ავეჯი. დივანი, რომელიც კონსტრუქტორივით მარტივად იშლება და იწყობა. ეს არის მომავლის დივანი, რომელიც დამზადებულია 100%-ით გადამუშავებადი რესურსებისგან.

პოსტ-პანდემიური ცხოვრების მოთხოვნილებები იყო იტალიური ბრენდი Pedrali-ს სტენდის თემატიკაც. ბრენდმა წარადგინა ავეჯი და აქსესუარები (მათ შორის ხმის ჩამხშობი პანელი Toa Folding Screen), რომელიც სახლში ყოფნის დროს თავს გვაგრძნობინებს, როგორც ოფისში და პირიქით.

ძალიან ბევრმა კომპანიამ საინტერესოდ და კრეატიულად გაშალა კომპოზიციები სიბრტყეზე. მათ შორის სკანდინავიურმა ბრენდებმა Crassevig და Bla Station

Design is about people, not about chairs

ორგანიზატორების მიერ, ღონისძიების ფარგლებში ყოველდღე ეწყობოდა ლაივ ივენთები – ინტერვიუები, საუბრები და ლექციები, რომელშიც მონაწილეობდნენ ცნობილი დიზაინერები, არქიტექტორები, ბიზნესმენები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ეს იყო ინკლუზიური და პოლიფონიური პალიმფსესტი ღია საუბრებისა, სადაც სხვადასხვა ქვეყნებში და სფეროებში მოღვაწე წარმატებული ადამინები გვიზიარებდნენ იდეებსა და მოსაზრებებს დიზაინისა და კრეატივზე.

“დიზაინი არის ხელოვნების დარგი არა სკამების, არამედ ადამიანების შესახებ“ – მანტრამ, რომელსაც მიყვებოდა ლაივ ივენთების კურატორი მარია კრისტინა დიდერო, გაამართლა. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან საინტერესო ლექციები და დისკუსიები თემატიკით: თანამედროვე ხელოვნება და დიზაინი, საკვები ინდუსტრია, წყალი, ეკოლოგია, განათლება, მომავლის დიზიანი, კავშირები ღვინის წარმოების ტრადიციას, არქიტექტურას, ხელოვნებასა და დიზაინს შორის, პოპ სამზარეულო, რადიკალიზმი დიზაინში, არქიტექტურა და ხელოვნება, ლანდშაფტის დიზაინი, პროდუქციის დიზაინი. სპიკერები და მოდერატორები იყვნენ: დიზიანერი უმბერტო კამპანა, არქიტექტურის თეორეტიკოსი ბეატრის კოლომინა, 59-ე ვენეციის ბიენალეს მხატვრული ხელმძღვანელი სესილია ალემანი, დიზაინ სტუდიო ფორმაფანტაზმა, ავეჯის დიზაინერი ფილიპ მალოუინი, გამოფენის კურატორი არქიტექტორი სტეფანო ბოერი და ბევრი სხვა.

Take Your Seat

საგამოფენო სივრცეში მდებარე დარბაზებში მოწყობილი იყო ძალიან საინტერესო ინსტალაციები სახელწოდებით – “Take Your Seat – Solitude and Conviviality of the Chair” სადაც წარმოდგენილი იყო იტალიელი დიზაინერების მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი სკამების 170-ზე მეტი საკულტო მოდელი. პროექტის კუტარორი იყო მილანელი ატქიტექორი ნინა ბასოლი, ხოლო პარტნიორი დიზაინ გალერეა ADI.

Lost Graduation Show

წელს ასევე მნიშვნელოვანი სიახლე იყო ღონისძიება “Lost Graduation Show” რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ქვეყნების 48 დიზაინ სასწავლებლის 200-მა სტუდენტმა, წარადგინა საკუთარი ნამუშევარი. ეს იყო მნიშვნელოვანი პლატფორმა დამწყები დიზაინერების დებიუტისთვის და ასევე საინტერესო შესაძლებლობა მოქმედი ბიზნესმენებისა და მწარმოებლებისათვის. სამომავლოდ იმედია ქართველი დამწყები დიზაინერებიც მოხვდებიან ამ პროექტში.

ფერი

Supersalone21-ზე ტოპ ბრენდების მიერ წარმოდგენილმა პროდუქციამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ფერი არის არა მხოლოდ ავეჯის ვიზუალის ან ხარისხის აღქმის, არამედ ცალკე თვითმყოფადი ფსიქოლოგიური კატეგორია. ფერით განისაზღვრება კეთილდღეობა, კომფორტი, კრეატიულობა, ინდივიდუალიზმი. ფერი საუბრობს მის მფლობელზე. ფერი ერთ-ერთი მთავარი ტრენდია. დატკბით გამოფენაზე წარმოდგენილი იკონური მოდელებითა და ყველაზე ფერადი ფოტოკოლაჟით.

Fourisalone21-ის ფარგლებში ჩვენ ასევე ვეწვიეთ ბრერას რაიონს, სადაც განლაგებულია მაღალი მოდის ავეჯის სალონები, მილანის ტრიენალესა და დიზაინ მუზეუმს ADI. შემდეგ სტატიაში გაგაცნობთ ამ საინტერესო მოგზაურობიდან მიღებულ შთაბეჭდილებებს და გაგიზიარებთ ფოტოებს.

One thought on “ავეჯის გამოფენა Salone del Mobile Milano 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *